პრეზიდენტი: არსად მივდივარ, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა რცხვენოდეს!
16/10/2023 17:12:05 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამბობს, რომ „ამ ქვეყანაში არაფერი აღარ“ უკვირს და არ გაუკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ „გული ეტკინა“ იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც „ჩვენს სამართლებრვ სისტემაში იყო დარჩენილი ერთ–ერთ ადგილად“, რომელიც „გარკვეუწლილად“ ნდობას იმსახურებდა.
„დღეიდან უკვე ესეც აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის გამოც მას უნდა რცხვენოდეს! ყოველ მოსამართლეს, რომელმაც მას ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს! ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა უფრო საკუთარი რეპუტაცია, ვიდრე საკონსტიტუციოსი. ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებაა იმ დროს, როდესაც ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ფაქტობრივად უკვე არის ასეთი დამახინჯებული. აღარ დარჩა დამოუკიდებლობის დამცველი ინსტუტუცი ამ ქვეყანაში გარდა ერთი – პრეზიდენტი“,– თქვა პრეზიდენტმა და საზოგადოებას მიმართა, რომ სწორედ ამიტომ არ გადადგება:
„არსად მივდივარ, არ გადავდგები, ვიქნები იქ, სადაც ვარ, ვიყავი მთელი ცხორება და რისთვისაც ჩამოვედი, ქუჩაში ვიდექი – ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალიც (ან სცადეს) და დემოკრატიაც, რადგან ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი აღარ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულად ვერ ჩაივლება. ეს არის „ოცნების“ მცდელობა, მაგრამ „ოცნების“ ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. ახლა თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის. ეს მე აღარ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, სად გამოვადგები ჩვენს ქვეყანას უფრო, ან როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს. ამას გვეტყვის ახლო მომავალი“.
ზურაბიშვილმა საზოგადოებას მიმართა, რომ ნუ დაკარგავს იმედს:
„მჯერა, მთელი საზოგადოება ევროპულ გზაზეა გაერთიანებული და ჩვენ მივაღწევთ ამ შედეგს. პირველს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს გვიშლიდნენ შიგნიდან ვიღაცეები და მომავალ წელს უკვე შემდეგი ეტაპი გვაქვს – წლიწადნახევარი გვაქვს წინ, ამ ყველაფერს მივაღწევთ და მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს. ნურავინ დაკარგავს იმედს და ჩვენ ყველაფერს ერთად შევძლებთ“.
ზურაბიშვილმა თქვა, რომ პარლამენტში მისვლას გეგმავს:
„პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად. მინდა, ოპოზიციას ვურჩიო, თუ უნდათ, რომ ძლიერი სურათი დადგეს, დადგნენ ერთად და ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. თუ მომცეს სიტყვა, გამოვალ და ვიტყვი ყველაფერს, რაც სათქმელია“.
მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და კიდე ერთხელ მოუწოდა, „ვიბრძოლოთ ბოლომდე“.


