Accentnews.ge
კორძაძე – რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტზე: "დაწყებულია კლინიკების სომხეთში გადინება"

კორძაძე – რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტზე: "დაწყებულია კლინიკების სომხეთში გადინება"

16/10/2023 16:46:08 საზოგადოება

პარლამენტში "მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონის" განხილვა გრძელდება. ბიზნესისთვის მთავარი პრობლემა კვლავ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული სერვისების მიღების აკრძალვაა.

ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის ლობისტმა ზვიად კორძაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ კლინიკების ნაწილმა სომხურ ბაზარზე გადაწყობა უკვე დაიწყო, რასაც, მისი თქმით, ქვეყნიდან სუროგატი ქალების გადინებაც მოჰყვება.

კორძაძე ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ქვეყანა 200-300 მილიონ ლარს დაკარგავს:

“თუ ვსაუბრობთ ნორმალურ წყვილებზე, რომლებიც ჩამოდიან და სამედიცინო მომსახურებას იღებენ, რატომ კარგავს სახელმწიფო ამ შემოსავალს თუ ამის დარეგულირება შესაძლებელია? დაახლოებით 1000-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება, კლინიკების გადინება დაიწყება და უკვე დაწყებულია კიდეც სომხეთში კლინიკების გადინება. ამავდროულად, მთავარ პრობლემას, რომელსაც ამ შეზღუდვით ვებრძვით, შეიძლება ვერ მოვუაროთ, რადგან დაიწყება სუროგატი ქალების გადინებაც. ჩავლენ სომხეთში და იმავე პროცედურას იქ გააკეთებენ”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დარგის კომერციალიზაცია მიუღებელია და "რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს კომერციალიზაციის აკრძალვას, ეს გადაწყვეტილება არის ყველა ვარიანტში გამართლებული, რადგან კომერციალიზაცია ქმნის ძალიან მაღალ რისკებს როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე მას აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა".

კანონპროექტი ჯერ მხოლოდ ორმა კომიტეტმა განიხილა. პროექტის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და შერეულ წყვილებს რეპროდუქციული სერვისი ეზღუდებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S