მედია: "ჰამასის" ტყვეობაში შესაძლოა, 140 უცხოელი იყოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან
16/10/2023 16:15:08 მსოფლიო
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმამ უპრეცედენტო მასშტაბის მძევლების კრიზისი შექმნა. ათობით ქვეყნის ლიდერები, მათი დაზვერვა და დიპლომატიური სამსახურები ცდილობენ ინფორმაციის მოძიებას საკუთარ მოქალაქეებზე, რომლებიც შეტევის ქვეშ აღმოჩენილი რაიონებიდან გაუჩინარდნენ. მათი რაოდენობა შესაძლოა, 140 ადამიანს აღემატებოდეს.
შაბათ-კვირას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა დაღუპული და დაკარგულების რაოდენობის შესახებ. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია 31 ქვეყნიდან 140 ადამიანის შესახებ, გარდაცვლილია 153 ადამიანი 34 ქვეყნიდან. ხაზს უსვამენ, რომ ეს წინასწარი ცნობებია.
ბულგარეთი არ არის ისრაელის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, მაგრამ სოფიას მიაჩნია, რომ მისი ერთ-ერთი მოქალაქე მძევლად აიყვანეს, წერს The Wall Street Journal.
"მან დაურეკა დედას, სანამ დაატყვევებდნენ", - განუცხადა ბულგარელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას. ბრაზილიის მთავრობას არ შეუძლია დაადასტუროს, არის თუ არა მძევალთა შორის ბრაზილიელი; ისრაელის სიაში ოთხი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო სამი – დაღუპულად.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მან 199 მძევლის ოჯახებს აცნობა, რომ მათი ნათესავები ღაზას სექტორში იმყოფებიან.
მისი თქმით, სამხედროებს აქვთ გარკვეული ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ. თუმცა არ დაუზუსტებია, საუბარია ისრაელის მოქალაქეებზე თუ ყველა მძევალზე.
„ჩვენ არ განვახორციელებთ თავდასხმას [ღაზას სექტორში], რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ხალხის სიცოცხლეს“,– აღნიშნა მან.
შეერთებულმა შტატებმა და მისმა ზოგიერთმა მოკავშირემ მიმართა კატარს, სადაც მდებარეობს "ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ოფისი, დაეხმარონ მძევლების იდენტიფიცირებაში, მათი სამყოფელისა და დაკავების პირობების გარკვევაში – წერს WSJ. თურქეთის მთავრობა "აავსეს" თხოვნებით მთელი მსოფლიოდან, მათ შორის ლათინური ამერიკიდან. საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დახმარება სთხოვა ეგვიპტის ოფიციალურ პირებს.
"ჰამასმა" განაცხადა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად ღაზას სექტორში 22 მძევალი დაიღუპა. ამის გადამოწმება შეუძლებელია. ჯგუფის სპიკერმა აბუ ობეიდამ Telegram-ზე დაწერა, რომ „ათობით მძევალი“ იყო დამალული „უსაფრთხო ადგილებში და [რადიკალური მოძრაობის] გვირაბებში“.
ისრაელის მონაცემებით, დაღუპულ უცხოელებს შორის უმეტესობა ამერიკელია(19 ადამიანი), ხოლო დაკარგულებს შორის (ასევე 19) – არგენტინელი. რუსები - 13 და 12, შესაბამისად. თუმცა მოგვიანებით რუსეთის საელჩომ 16 დაღუპულისა და რვა დაკარგულის შესახებ განაცხადა.
დაკარგულებს შორის არიან ისრაელიდან შორს მდებარე ქვეყნების მოქალაქეები, როგორიცაა ტაილანდი (9 ადამიანი), ფილიპინები და უზბეკეთი (4-4), ჩინეთი (3), ჩილე (2), პარაგვაი და პერუ (1-1), ავსტრალია (1). დაკარგულია 7 უკრაინელი.


