მაია სანდუ: მოსკოვს აღარ შეუძლია ჩვენი დაშანტაჟება
16/10/2023 14:11:41 მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, რუსეთს ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაზის შანტაჟის მექანიზმად გამოყენების შესაძლებლობა აღარ აქვს.
„მოლდოვა დღეს აღარ ყიდულობს რუსულ გაზს კომპანია „გაზპრომისგან“. ჩვენ ვყიდულობთ გაზს ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ გვაშანტაჟებს როგორც წინა წლებში გვაშანტაჟებდა. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ მოლდოვის პოლიტიკა არ მოსწონდათ, ისინი გვიბრუნდებოდნენ და გვეუბნებოდნენ: ჩვენ ვწყვეტთ თქვენთვის გაზის მოწოდებას“, - განაცხადა სანდუმ რადიო თავისუფლებასთან ინტრევიუში.
მისივე თქმით, მოლდოვამ უკვე შექმნა ზამთრისთვის ბუნებრივი აირის გარკვეული მარაგი, ექნება წელს საკმარისი ელექტროენერგიაც.
მაია სანდუ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში კორუფციული ფულის პრობლემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოლდოვის პროკურატურა ცდილობს, მიაღწიოს ისრაელიდან პრორუსული პარტია „შორის“ ლიდერის ილან შორის ექსტრადიციას, რომელსაც მოლდოვის სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა საბანკო მაქინაციებში მონაწილეობის გამო.


