Accentnews.ge
ლავროვი ფხენიანში მიემგზავრება ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთში იარაღის გაგზავნის ფონზე

ლავროვი ფხენიანში მიემგზავრება ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთში იარაღის გაგზავნის ფონზე

16/10/2023 09:53:21 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეას ეწვევა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„18-19 ოქტომბერს, კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს ვიზიტის მიზანს და სხვა დეტალებს.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა ათასზე მეტი კონტეინერით გადასცა რუსეთს.

როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოების სერია, როგორც მტკიცებულება სამხედრო ტვირთის გადატანის ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემზე. ვაშინგტონის ცნობით, ეს მოხდა 7 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.

„ჩვენ ვგმობთ კორეის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკის რუსეთისთვის ამ სამხედრო ტექნიკის გადაცემას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და რუსეთთან არალეგიტიმური ომის წარმოებისთვის“, - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ფხენიანსა და მოსკოვს შორის პარტნიორობის გაფართოება საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთს „სრული და უპირობო მხარდაჭერა“ აღუთქვა სექტემბერში. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი ომში გაიმარჯვებს და მას "წმინდა ბრძოლა" უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას "ბევრი საინტერესო პროექტი" აქვთ, მაგრამ სამხედრო თანამშრომლობაზე არ უსაუბრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S