ბერლინმა "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა დააანონსა ანტისემიტური გამოვლინებების მიმართ, ხოლო "ჰამასის" მხარდამჭერებს გაძევებით დაემუქრა
16/10/2023 09:39:29 მსოფლიო
ბერლინი გაატარებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ქვეყანაში ანტისემიტური და ისრაელის საწინააღმდეგო გამოვლინებების მიმართ და აპირებს, გამოიყენოს ყველა ლეგალური საშუალება "ჰამასის" მხარდამჭერების გერმანიიდან გასაძევებლად,– ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ახლა მისი უწყებისთვის უმაღლესი პრიორიტეტია ებრაელების დაცვა გერმანიაში, ისევე როგორც ებრაული ინსტიტუტების და მისიების ისრაელში. ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრების სპეციალური კონფერენციის თემა, რომლის ფარგლებშიც შეიკრიბნენ გერმანიის 16 შტატისა და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები.
ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ბერლინი გამოვიდა ებრაული სახელმწიფოს მხარდასაჭერად. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მემეტ ატამ პირობა დადო, რომ ჩაახშობს "ჰამასის" მხარდამჭერ აქციებს, ხოლო მის მონაწილეებს გაადეპორტებს. ამ განცხადებიდან მეორე დღეს პოლიციამ დაშალა "ჰამასის" მხარდამჭერი დიდი აქცია ბერლინში.
მსგავსი განცხადებები საფრანგეთის ხელისუფლებამაც გააკეთა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯერალდ დარმანინის განცხადებით, რეგიონულ პრეფექტებს დაევალათ, გადამწყვეტი ზომები მიიღონ ისლამისტური ჯგუფის მხარდამჭერი აქციების წინააღმდეგ. პარიზის რესპუბლიკის მოედანზე ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა 10 ადამიანი და კიდევ 24 დააჯარიმა ხელისუფლების მიერ აკრძალულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ოქტომბრის დასაწყისიდან, ისრაელის ქალაქებზე ჰამასის თავდასხმების სერიის შემდეგ, საფრანგეთში ანტისემიტური გამოვლინების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, – თქვა დარმანინმა.
"ჰამასმა" 13 ოქტომბერი გამოაცხადა "ჯიჰადის მსოფლიო დღეს" და მოუწოდა, ზიანი მიეყენებინათ ებრაელებისთვის მთელ მსოფლიოში. იმ დღეს სულ მცირე ორი თავდასხმა დაფიქსირდა: ჩრდილოეთ საფრანგეთში, ქალაქ არასში მამაკაცი დანით თავს დაესხა სკოლას, ხოლო პეკინში თავს დაესხნენ ისრაელის საელჩოს თანამშრომელს.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა გასცა ბრძანება, „კანონის სრული ძალის“ გამოყენების "ჰამასის" მხარდაჭერის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ. შეერთებულ შტატებში, "ჰამასის" მოწოდების ფონზე, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.


