Accentnews.ge
მედია: კატარი და აბრამოვიჩი შეთანხმდნენ უკრაინელი ბავშვების რუსეთიდან შინ დაბრუნებაზე

მედია: კატარი და აბრამოვიჩი შეთანხმდნენ უკრაინელი ბავშვების რუსეთიდან შინ დაბრუნებაზე

16/10/2023 08:56:34 მსოფლიო

საერთაშორისო მომლაპარაკებელთა ჯგუფი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ხელისუფალი და მილიარდერი რომან აბრამოვიჩი, შეთანხმდნენ ოთხი უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნებაზე. 2-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დააშორეს მშობლებს და რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაიყვანეს. ეს არის კატარის, საუდის არაბეთის, თურქეთის წარმომადგენლების და აბრამოვიჩის მიერ გამართული მოლაპარაკებების პირველი შედეგი, – იუწყება Financial Times.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გამოცემას სექტემბერში განუცხადა, რომ კიევი რამდენიმე თვეა, მუშაობს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან და რუს მილიარდერთან ერთად ბავშვების გადარჩენის საკითხზე. მათი დაბრუნების მცდელობები მოიცავს „ბევრ ქვეყანას, ვატიკანიდან გლობალურ სამხრეთამდე“, – თქვა ერმაკმა.

ოთხი ბავშვიდან ერთი, რომლებზეც შეთანხმება მიღწეულ იქნა, უკვე სამშობლოში გაიყვანეს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის გავლით, მეორე კატარისკენ მიემართება, დანარჩენი ორი კი ამ კვირაში კატარის გავლით გაემგზავრება უკრაინაში.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ მუდმივ დისკუსიაში ვიყავით ჩვენს უკრაინელ და რუს პარტნიორებთან, ვადგენდით ორმხრივი ინტერესის სფეროებს, რომლებშიც შეიძლება არაფორმალური მოლაპარაკებების ჩატარება“, - თქვა ლოლვაჰ ალ-ხატერმა, რომელიც პასუხისმგებელია კატარში საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პასუხისმგებელი მიდგომა, რომელიც ამ ინიციატივით ორივე მხარემ გამოავლინა, გზას გაუხსნის შემდგომ დიალოგს, რომელიც მიმართული იქნება ორ მხარეს შორის დაძაბულობის შემცირებასა და და ნდობის აღდგენისკენ",– დასძინა მან.

რუსეთის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა მარია ლვოვა-ბელოვამ ივლისში განაცხადა, რომ რუსეთმა „მიიღო“ 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი. კიევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის SOS–ის მონაცემებით, ომის დროს 19 000-ზე მეტი ბავშვი დააშორეს მშობლებს და რუსეთში გადაიყვანეს.

„ბავშვების გადაყვანა არ იყო გამართლებული უსაფრთხოების ან სამედიცინო თვალსაზრისით“, – ასე რომ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, – დაადგინა უკრაინის მოვლენებზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილმა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ.

აღსანიშნავია, რომ სწორეც ბავშვების გატაცების საკითხზე გასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S