
ჯო ბაიდენი: ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება, მაგრამ ისრაელმა უნდა უპასუხოს თავდასხმას
16/10/2023 05:41:00 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელმა რეაგირება უნდა მოახდინოს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე, თუმცა ღაზას ხელახალი ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნება. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და იმასაც, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები.
ამასთან, კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს იგი ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაციას ამ ეტაპზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა შემდეგი განაცხადა:
”ვფიქრობ, ეს დიდი შეცდომა იქნება. ჩემი აზრით, იმის მიზეზი, რაც ღაზაში მოხდა, „ჰამასის“ ექსტრემისტული ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნებოდა ისრაელის მიერ ღაზას ხელახალი ოკუპაცია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ მთლიანად უნდა აღმოიფხვრას, თუმცა დასძინა, რომ უნდა არსებობდეს პალესტინელთა ადმინისტრაცია და სამომავლოდ მათი სახელმწიფოს შექმნის გზა.
ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთ 13 ოქტომბერს მოსთხოვა 24 საათში გადასულიყვნენ ტერიტორიის სამხრეთში, რის შემდეგაც, ისრაელს ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაცია უნდა დაეწყო. 24– საათიანი ვადა შაბათს, 14 ოქტომბერს ამოიწურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ ღაზას სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას ხელს უშლის. მისი ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზას სექტორი მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვა.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზას სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 15 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1400–მდე გაიზარდა. დაჭრილია 3200–ზე მეტი ადამიანი.
ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 2 670 და დაჭრილია 9 600 ადამიანი.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.