"რეგიონი ახალი პირობების წინაშე აღმოჩნდება" – ირანი იმუქრება
13/10/2023 14:12:03 მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ერაყის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ქასიმ ალ-არაჯთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "გაგრძელებული აგრესიის, ომის დანაშაულებისა და ღაზას ბლოკადის ფონზე, სხვა ფრონტების გახსნა რეალურად შესაძლებელია".
მან ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას უწოდა "სპონტანური ნაბიჯი ისრაელის არმიის პროვოკაციული დანაშაულების, კერძოდ, ალ-აქსას მეჩეთზე თავდასხმის საპასუხოდ". ამასთან, თქვა, რომ ღაზაში „ისრაელის სისასტიკის შეუჩერებლობამ" შეიძლება, გავლენა მოახდინოს მთელ ახლო აღმოსავლეთზე.
"თუ ისრაელი არ შეაჩერებს თავდასხმებს ღაზაზე, რეგიონი ახალი პირობების წინაშე აღმოჩნდება" – , თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მის სიტყვებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„მათ [ისრაელის არმიას] არ შეუძლიათ ღაზას სრულ ალყაში მოქცევა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა, ომის დანაშაულების ჩადენა და ამ დანაშაულებებზე რეაგირების მოლოდინი არ ჰქონდეთ“, - თქვა ამირ-აბდოლაჰიანმა და დასძინა, რომ ირანი ითხოვს ისლამური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიციების კოორდინაციის მიზნით. გასული კვირის განმავლობაში ამირ-აბდოლაჰიანი უკვე შეხვდა ლიბანის ხელისუფლებას და ლიბანის გასამხედროებული ორგანიზაცია "ჰეზბოლას" ხელმძღვანელობას და ახლა აპირებს სირიაში გამგზავრებას. ცნობილია, რომ ირანი მხარს უჭერს "ჰამასს".
პარალელურად არაბული ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას მართავს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მიზნით, რომ კონფლიქტი არ გაფართოვდეს. ამასთან, ისრაელის წყლებში შევიდა ამერიკული ავიამზიდი, აშშ–ის პრეზიდენტმა კი გამოვიდა მოწოდებით, არავინ იფიქროს ვითარებით სარგებლობით.
მას შემდეგ, რაც "ჰამასი" ისრაელის თავს დაესხა 7 ოქტომბერს ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან და მოაწყო მშვიდობანი მოქალაქეების ხოცვა–ჟლეტა, ასევე გაიტაცა ათეულობით, მათ შორის, სამოქალაქო პირი, ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ბომბავს ღაზას სექტორს, ბლოკადაში მოაქცია ეს რეგიონი და ვრცელდება ცნობები, რომ სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, თუმცა ეს უკანასკნელი ოფიციალურად განცადებული არაა.


