უკრაინული ძალები სამხრეთში წარმატებული დივერსიისა და რუსების მომარაგების ხაზის გაწყვეტის შესახებ იუწყებიან
13/10/2023 13:38:47 მსოფლიო
უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალები აცხადებს, რომ მათ 13 ოქტომბერს დილით ააფეთქეს სარკინიგზო ლიანდაგები მელიტოპოლში, რითაც რუს სამხედროებს გადაუჭრეს საბრძოლო მასალისა და საწვავის მიწოდების არხი ზაპოროჟიეს მიმართულებით,– ამის შესახებ სოციალურ ქსელში სპეციალური ოპერაციების ძალები და მათ მიერ შექმნილი ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი იტყობინებიან.
„დღეს, 13 ოქტომბერს სპეციალური ოპერაციების ძალების წინააღმდეგობის მოძრაობის ნაწილმა წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში. ჩვენი ჯარისკაცების დივერსიული მოქმედებების წყალობით, რკინიგზის ლიანდაგი დილის 07:30 საათზე აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა რკინიგზის ლიანდაგი და მატარებელი, რომელსაც რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალა და საწვავი გადაჰქონდა. ამ დროისთვის მტრის დანაკარგების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება"- ნათქვამია სპეციალური ოპერაციების ძალების განცხადებაში.
თავის მხრივ, ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი დასძენს, რომ "მელიტოპოლის პარტიზანებმა" ააფეთქეს მატარებელი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში გადაჰქონდა "ტყვია-წამალი და საწვავი ანექსირებული ყირიმიდან მელიტოპოლსა და დნეპრორუდნოეში, ხოლო საპირისპირო მიმართულებით - დაზიანებული ტექნიკა, ნაძარცვი რკინის მადანი, მარცვლეული და სხვა სახის ქონება“.
იუწყებიან, რომ დაზიანებულია რკინიგზის 150 მეტრიანი მონაკვეთ და ლოკომოტივი. „პარტიზანები ამჟამად უსაფრთხოდ არიან და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტ ამგვარ აფეთქებებს გვპირდებიან“, - აღნიშნავს ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი და დასძენს, რომ ეს უკვე მეათე წარმატებული დივერსიაა რკინიგზაზე 2023 წელს, რომელიც ჩადენილია ზაპოროჟიეს რეგიონში.


