ისრაელში დღეს ჩავა მეორე თვითმფრინავი ამერიკული იარაღით
13/10/2023 13:01:04 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა ისრაელს სამხედრო დახმარების მეორე პარტია გაუგზავნა. თვითმფრინავი იარაღით ისრაელში დღეს, 13 ოქტომბერს დაჯდება,– იუწყება The Times of Israel ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტზე დაყრდნობით.
„დღეს ჩვენ მივიღებთ მეორე თვითმფრინავს, რომელიც ჩამოიტანს კრიტიკულ საბრძოლო მასალას ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის... აშშ-ის ძალების განლაგება ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე ძლიერ "მესიჯს" უგზავნის ჩვენს პარტნიორებსა და მოწინააღმდეგეებს რეგიონში“, - განაცხადა გალანტმა პენტაგონის ხელმძღვანელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ოსტინმა თქვა, რომ „სისასტიკეს არ აქვს გამართლება“ და "ჰამასის" დაგმობის მოწოდებით გამოვიდა.
„ეს არ არის დრო ნეიტრალიტეტის, ყალბი ეკვივალენტობის, ან მიუტევებელის გამართლების ... "ჰამასს" არაფერი აქვს შესათავაზებელი გარდა ფანატიზმის და სიკვდილისა“, - დასძინა ოსტინმა.
ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს ჩავიდა. მანამდე ისრაელში იმყოფებოდა აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ის დღეს არაბული ქვეყნების ლიდერებთან მართავს შეხვედრებს. როგორც თავად განმარტა, მიზანია, არ გაფართოვდეს კონფლიქტი, ამასთან, ამ ქვეყნებმა გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები "ჰამასზე" ტყვეების გათავისუფლების მიმართულებით. ცნობილია, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" ტყვეობაში რჩება ათობით ადამიანი, რომლებიც 7 ოქტომბერს გაიტაცეს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ. სხვადასხვა მონაცემებით, საუბარია დაახლოებით, 150 ადამიანზე. მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. 13 ოქტომბერს "ჰამასი" ირწმუნება, რომ ისრაელის დარტყმებს 13 მძევალი ემსხვერპლა.


