
PACE საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, 2024 წლის შემდეგ აღარ აღიაროს პუტინის ლეგიტიმაცია, როგორც პრეზიდენტის
13/10/2023 11:56:20 მსოფლიო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, 2024 წლის შემდეგ აღარ აღიაროს რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ლეგიტიმაცია, როგორც პრეზიდენტის.
„პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების უკიდურესად ხანგრძლივი ვადით, ყოველგვარი კონტროლისა და ბალანსის სისტემის გარეშე, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად გადააქცია “, - აცხადებენ პარლამენტარები.
ასამბლეის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ დიქტატურები საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან. შესაბამისად, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ რუსეთში დემოკრატიის აღდგენა არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.
ამასთან, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პასუხს აგებინებს რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, მათი ქმედებების გამო, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიისთვის და MH17 ავიარეისის ჩამოგდებისთვის.