ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი პარტიზანები გააქტიურდნენ
13/10/2023 07:56:37 მსოფლიო
დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში წინააღმდეგობის ძალების მებრძოლებმა გაანეიტრალეს რუსი დამპყრობლების საინჟინრო ჯარების საწყობი,– იუწყება მარიუპოლის საკრებულო საკუთარ ტელეგრამ–არხის მეშვეობით. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ოკუპანტებმა ქალაქის მომზადება დაიწყეს თავდაცვისთვის.
არსებული ცნობებით, სამიზნე მდებარეობდა ვოსტოჩნის მიკრორაიონში. ამჟამად საწყობი დამწვარია.
მარიუპოლის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს რუსების საინჟინრო ჯარების საწყობში გაჩენილი ხანძრის შესახებ:„ახლა გამაგრების აშენება უფრო რთული იქნება“.
გამოქვეყნდა კადრებიც.
მარიუპოლი ოკუპანტებმა რამდენიმეთვიანი ალყისა და მასიური დაბომბვის შემდეგ, გასული წლის გაზაფხულზე აიღეს. როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსები ქალაქს თავიანთ "ზურგად" თვლიან და მის სამხედრო ბაზად ქცევას ცდილობენ, ხშირად ისმის აფეთქებების ხმები – მარიუპოლში პარტიზანული მოძრაობა ვითარდება. მაგალითად, აგვისტოს შუა რიცხვებში პარტიზანებმა ხანძარი გააჩინეს რუსების ბაზაზე მარიუპოლში, იგივე მოხდა აგვისტოს ბოლოსაც. არსებული ცნობებით, შედეგად რუსებმა სულ მცირე, ოთხი ერთეული სატრანსპორტო საშუალება დაკარგეს. ასევე ცნობილი გახდა, რომ სექტემბერში მარიუპოლში პარტიზანებმა გაანადგურეს ტრანსფორმატორები, რომლებიც ელექტროენერგიას რუსულ ბაზას აწვდიდნენ.
12 ოქტომბერს პარტიზანულმა მოძრაობა "ატეშმა" გაავრცელა ცნობა, რომ რუსებმა ოკუპირებული მარიუპოლის გამაგრება დაიწყეს. კერძოდ, პარტიზანებმა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით ახალი რუსული თავდაცვითი ხაზების ასაშენებლად "დრაკონის კბილების" გადაზიდვის ფაქტები დააფიქსირეს. გამოაქვეყნეს კადრებიც.
"ოკუპანტები იმდენად "დარწმუნებულნი" არიან უკრაინის კონტრშეტევის "ჩაშალაში", რომ სასწრაფოდ დაიწყეს ახალი თავდაცვითი ხაზის აშენება. მაგრამ ეს მათ ვერ დაეხმარება - ოკუპანტების თავდაცვა გაირღვევა!" - აღნიშნეს პარტიზანებმა.


