Accentnews.ge
კონგრესის ორპარტიული კომისიის ანგარიში: აშშ მზად უნდა იყოს ჩინეთთან და რუსეთთან ერთდროული ომისთვის

კონგრესის ორპარტიული კომისიის ანგარიში: აშშ მზად უნდა იყოს ჩინეთთან და რუსეთთან ერთდროული ომისთვის

13/10/2023 07:24:13 მსოფლიო

შეერთებული შტატები უნდა მოემზადოს რუსეთთან და ჩინეთთან შესაძლო ერთდროული ომისთვის, თავისი ძალების გაფართოებით, ალიანსებისა და ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის პროგრამის გაძლიერებით, – ნათქვამია აშშ–ის კონგრესის ორპარტიული კომისიის ანგარიშში.

როგორც Reuters იუწყება, ანგარიშის მომზადებაში მონაწილე მაღალჩინოსანმა არ დააკონკრეტა, გამოიკვეთა თუ არა ჩინეთს და რუსეთს შორის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით რაიმე თანამშრომლობის ფაქტი.

„ჩვენ ვწუხვართ, რომ შესაძლოა, მათ შორის იყოს საბოლოო კოორდინაცია, რომელიც მიგვიყვანს ამ ორი ომის დაგეგმვამდე“, - განუცხადა გამოცემას ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობის დაცვით.

მოხსენების ერთ–ერთი ავტორი დემოკრატი მადლენ კრიდონი (იგი იმ სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილეა, რომელიც აშშ-ის ბირთვულ იარაღს ზედამხედველობს) აცხადებს, რომ აღიარებს შექმნილ ფისკალურ რეალობას, თუმცა მიიჩნევს, რომ აშშ–მა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს.

მოხსენების კიდევ ერთი თანაავტორი, გადამდგარი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კილი აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა და კონგრესმა უნდა აუხსნან ამერიკელ ხალხს, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდა მცირე ფასია იმასთან შედარებით, რაც შესაძლოა, მოჰყვეს შესაძლო ბირთვულ ომს შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის მონაწილეობით.

„აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ორივე მოწინააღმდეგის შეკავებისა და დამარცხებისთვის ერთდროულად. აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ საერთაშორისო წესრიგსა და ღირებულებებს ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან საფრთხე ემუქრება“,– ნათქვამია მოხსენებაში.

ცნობისთვის: 2022 წელს კონგრესმა შექმნა კომისია, რომლის შემადგენლობაშია 6 დემოკრატი და 6 რესპუბლიკელი. კომისიის მოვალეობაა, შეაფასოს შეერთებული შტატების გრძელვადიანი საფრთხეები და რეკომენდაცია გაუწიოს ცვლილებებს აშშ–ის ბირთვულ ძალებში.

პენტაგონმა კომისიას გააცნო მისი პროგნოზი, რომ ჩინეთის სწრაფი ბირთვული არსენალის გაფართოება სავარაუდოდ, 2035 წლისთვის მოხდება.

"ჩინეთიდან და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები მწვავე გახდება 2027-2035 წლებში, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ახლა, რათა ქვეყანა იყოს მომზადებული“, – ნათქვამია 145-გვერდიან ანგარიშში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S