გაერო: ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთში მცხოვრებთა ევაკუაცია 24 საათში მოითხოვა
13/10/2023 05:36:43 მსოფლიო
გაეროს ცნობით, ორგანიზაციამ მიიღო ინფორმაცია, რომ 13 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მოსახლეობას მოსთხოვა 24 საათში გადავიდნენ ტერიტორიის სამხრეთში.
ვარაუდობენ, რომ ეს უკავშირდება ისრაელის გადაწყვეტილებას სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ.
გაერო მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მსგავსი გადაადგილება დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე ვერ ჩაივლის და ისრაელს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერ ისეთ ბრძანებაზე, რომელიც ისედაც ტრაგიკულ სიტუაციას კატასტროფად აქცევს.
ევაკუაციის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,1 მილიონ ადამიანს, რაც ღაზას სექტორის მოსახლეობის ნახევარია.
გაეროს ინფორმაციით, ღაზას ჩრდილოეთ ნაწილი უნდა დატოვონ ორგანიზაციის თანამშრომლებმაც.
მჭიდროდ დასახლებლი ქალაქი ღაზა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
ღაზას საზღვართან უკვე რამდენიმე დღეა, მობილიზებულია ისრაელის 300 000–მდე რეზერვისტი, მძიმე არტილერია და ტანკები, რაც სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას უკავშირდება.
გაეროს მიერ 13 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში საკუთარი სახლები 423 378-მა ადამიანმა დატოვა. საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული რეგიონი სრულ ბლოკადაში მოაქცია. ჩაკეტილია ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გასასვლელიც. გაერო და ევროკავშირი ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის სრული უფლება აქვს, თუმცა ეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს. გაერო და ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის უფლებების დაცვა და სურსათზე, წყალსა და მედიკამენტებზე წვდომა.
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ღაზას სექტორი ვერ მიიღებს ელექტროენერგიას, წყალს და საწვავს, სანამ „ჰამასი" მძევლებს არ გაათავისუფლებს. კაცმა ყველას მოუწოდა, ისრაელს მორალს ნუ ასწავლიან.
ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 13 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 3200–ზე მეტი ადამიანი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 1537 და დაჭრილია 6612 ადამიანი.


