IDF–ის გენშტაბის ხელმძღვანელმა "ჩავარდნა" აღიარა
12/10/2023 17:25:50 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენშტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰელევი აღიარებს "ჩავარდნას", რამაც შესაძლებელი გახადა "ჰამასის" ბოევიკების შეღწევა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სასტიკი მოვლენების შემდეგ ეს ჰელევის პირველი განცხადებაა, რომელიც მან ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ყოფნისას გააკეთა.
"ისრაელის თავდაცვის ძალები პასუხისმგებელია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და შაბათს დილით ღაზის სექტორთან მიმდებარე რაიონში ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით",– თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ საკითხი აუცილებლად დაექვემდებარება გამოძიებას, მაგრამ არა ახლა:
"შევისწავლით, გამოვიძიებთ, მაგრამ ახლა ომის დროა".
მანვე განაცხადა, რომ IDF აკეთებს ყველაფერს, რათა ჰამასის მიერ გატაცებული მძევლები დააბრუნოს:
"ხუთი დღე გავიდა სასტიკი ინციდენტის შემდეგ. ჰამასის მკვლელი ტერორისტების, ადამიანის ცხოველების მიერ ჩვენი შვილების, ჩვენი ცოლებისა და ჩვენი ხალხის ხოცვა-ჟლეტა არის ცხოველური და არაადამიანური. IDF ებრძვის დაუნდობელ ტერორისტებს, რომლებმაც ჩაიდინეს წარმოუდგენელი ქმედებები",– თქვა გენშტაბის ხელმძღვანელმა და დასძინა, "ღაზა აღარ იქნება ისეთი, როგორც ადრე იყო".
7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელზე მიიტანა კომბინირებული იერიში ზღვიდან, ხმელეთიდან, ჰაერიდან. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.11 ოქტომბერს პალესტინური მხარე აცხადებდა, რომ საერთო ჯამში, დაღუპულია 1100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანის სიცოცხლე.
გაეროს მიერ 12 ოქტომბერს განახლებული მონაცემებით, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 338 934-მა ადამიანმა.
„ჰამასს“ მძევლად ჰყავს ათობით ადამიანი.


