
კაკაურიძე: თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, უნდა ჩაიხსნან სოციალური ბენეფიტებიდან
12/10/2023 16:28:12 პოლიტიკა, საზოგადოება
თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, უნდა ჩაიხსნას სოციალური ბენეფიტებიდან, - ფიქრობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულებთან დაკავშირებით. მან ამ თემაზე პარლამენტში 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ისაუბრა.
ის ფიქრობს, რომ შესაძლოა, პროგრამაში რიგი ცვლილებების შეტანა იყოს საჭირო.
"ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს - დაახლოებით 200 000-მდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია. ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, მაგრამ ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან, მაგრამ იქიდან, რომ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი, - თქვა კაკაურიძემ.