
ყარაბაღში რუსების 21-მა საგუშაგომ მუშაობა შეწყვიტა
12/10/2023 15:36:43 კავკასია
მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების 21 პუნქტი მუშაობას წყვეტს და რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სამომავლო მოქმედებები ბაქოსთან იქნება განხილული. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.საუბარია 6 სადამკვირვებლო და 15 დროებით პუნქტზე.
რუსი სამხედროები "სამშვიდობოების" სტატუსით 2020 წლის ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ განთავსდნენ ადგილობრივი სომეხი მოსახლეობის უსაფრთოების უზრუნველყოფის მიზნით, თუმცა მას შემდეგ ერევანი რუსეთს ხშირად ადანაშაულებდა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში. კერძოდ, მას შემდეგ აზერბაიჯანმა დაიკავა დამატებითი ტერიტორიები, ჩაკეტა ლაჩინის დერეფანი, ხშირად იყო შეიარაღებული ინციდენტები. საბოლოოდ ბაქომ 19 სექტემბერს დაიწყო სამხედრო მოქმედებები და მომდევნო დღეს სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.
მართალია, ბაქო ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე საუბრობს, თუმცა უნდობლობის ფონზე ადგილობრივებმა მასობრივად დაიწყეს რეგიონის დატოვება. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით 100 ათასზე მეტი ეთნიკურად სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.