
„ტასს“: რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე პირმა გამოთქვა
12/10/2023 15:07:44 საზოგადოება
რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე პირმა გამოთქვა, – განუცხადეს კრემლის პროპაგანდისტულ მედიარესურსს "ტასს" საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციაში განუცხადეს. კვოტა 200 ადგილი იყო. სწავლა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. განცხადებების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყო.
როგორც განმარტავენ, საქართველოდან აბიტურიენტების მისაღებად მზადაა რუსეთის ნებისმიერი უნივერსიტეტი, გარდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (МГУ ) და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტისა (МГИМО).
„ძირითადად, არჩევანი მოდის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ განმცხადებლები ასევე ირჩევენ ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებსაც“, - აცხადებენ რუსეთის ინტერესთა სექციაში.
"ტასსის" თანამოსაუბრის განცხადებით, ქართველ აბიტურიენტებს შორის პოპულარობით სარგებლობს სპეციალობები: მედიცინა, ლინგვისტიკა , IT სფეროს სპეციალობები, ეკონომიკა, ინჟინერია, სასოფლო-სამეურნეო მეცნიერება და მშენებლობა.
განცხადებების მიღება 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. განაცხადის შესატანად საჭიროა დარეგისტრირება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებსაიტზე, სადაც ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მითითებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი.
თემის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა:
„სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება. იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები“.