დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე შეტევის შესახებ იუწყებიან
12/10/2023 13:08:19 მსოფლიო
სირიის სახელმწიფო მედია ხუთშაბათს იტყობინება საჰაერო თავდასხმების შესახებ ქვეყნის უდიდეს აეროპორტებზე დამასკოსა და ალეპოში.
სირიული სააგენტოები სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ დარტყმები ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს, რის შედეგადაც ასაფრენი ბილიკები დაზიანდა. ორივე აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. თავდასხმის შესახებ დასავლური სააგენტოები სირიულ მედიაზე დაყრდნობით წერენ.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება სავარაუდოდ, დარტყმის შედეგების ამსახველი ვიდეოები, რომლებშიც კვამლი ჩანს.
ოფიციალურ დამასკოს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. არც ისრაელს. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, საქმე გვექნება ისრაელის პირველ დარტყმაზე სირიაზე 7 ოქტომბრის სისხლიანი მოვლენების შემდეგ, როდესაც "ჰამასი" თავს დაესხა ისრაელს. სირიის ხელისუფლებამ, რომელსაც არ აქვს სამშვიდობო ხელშეკრულება ისრაელთან, მხარი დაუჭირა ამ თავდასხმას.
ბოლო წლებში ისრაელმა არაერთხელ დაარტყა სამიზნეებს სირიის ტერიტორიაზე, რომლებიც დაკავშირებულია პროირანული შეიარაღებული დაჯგუფებების აქტივობასთან. მედია ვარაუდობს, რომ ამჯერადაც თავდასხმის სამიზნე იყო ირანიდან მომარაგების მიმღები ამ ჯგუფების ლოგისტიკური ჯაჭვები.


