Accentnews.ge
რა თქვეს ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე

რა თქვეს ბლინკენმა და ნეთანიაჰუმ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე

12/10/2023 12:39:06 მსოფლიო

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თელ–ავივში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ერთობლივი პრეს–კონფერენცია გამართეს.

რა თქვა ბლინკენმა

ბლინკენმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით:

  • „მესიჯი, რომელიც მე ისრაელში ჩამოვიტანე შემდეგია: შეიძლება, საკმარისად ძლიერი იყოთ, რომ დაიცვათ თავი, მაგრამ სანამ ამერიკა იარსებებს, ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით".

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ იგი ისრაელში ჩავიდა როგორც აშშ-ს ოფიციალური პირი, მაგრამ ასევე როგორც ებრაელი.

"მე პერსონალურ დონეზე მესმის "ჰამასის" ხოცვა-ჟლეტა. ვეთანხმები პრემიერ ნეთანიაჰუს შეფასებას, რომ "ჰამასი" "ისლამური სახელმწიფოს" მსგავსია. მეტი ამერიკული იარაღი გზაშია", – განაცხადა ბლინკენმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ჰამასი" პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს.

  • ”ჩვენ ვიცით, რომ "ჰამასი" არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. მისი მმართველობა რეპრესიულია".

ბლინკენმა თქვა, რომ მან განიხილა ნეთანიაჰუსთან "ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომების მიღების მნიშვნელობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება":

  • „არცერთ ქვეყანას არ შეუძლია და არ მოითმენს თავისი მოქალაქეების ხოცვას. ისრაელს მართლაც აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი და უზრუნველყოს, რომ ეს აღარ განმეორდეს. სამოქალაქო ცხოვრების პატივისცემა არის ის, რაც განასხვავებს დემოკრატიებს "ჰამასის" მსგავსი მმართველებისგან. ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ როგორ აკეთებს ამას ისრაელი, ამას მნიშვნელობა აქვს".

გარდა ამისა, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისრაელში დაღუპული ამერიკელების რაოდენობა 25–მდე გაიზარდა:

  • "სამწუხაროა, რომ კვლავ იზრდება იმ უდანაშაულო ადამიანების რაოდენობა, რომლებიც "ჰამასის" საზარელ თავდასხმები ემსხვერპლნენ. მათ შორისაა, სულ მცირე, 25 ამერიკელი".

რა თქვა ნეთანიაჰუმ

პრეს–კონფრენციის დაწყებისას ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს ვიზიტისთვის, როგორც ინგლისურ, ისე ებრაულ ენაზე.

”თქვენი ვიზიტი არის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი იმისა, რომ ისრაელს ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა აქვს” - მიმართა მან ბლინკენს.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ "ჰამასი" ისევე უნდა განადგურდეს, როგორც "ისლამური სახელმწიფო" :

  • "ჰამასს ზუსტად ისე უნდა მოექცნენ, როგორც "ისლამურ სახელმწიფოს" ექცეოდნენ".

მისი განცხადებით, "ჰამასის" დანაშაულები მოიცავს "მთელი ოჯახების დახოცვას, ადამიანების ცოცხლად დაწვას და თავის მოკვეთას".

  • "არც ერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და მათ წინააღმდეგ, ვინც ამას აკეთებს, სანქციები უნდა დაწესდეს", – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის: ისრაელის არმია მეექვსე დღეა, უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაღუპულია 1 200 პირი, დაჭრილია 5 620 ადამიანი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 11 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2700–ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S