ისრაელის თავდაცვა: "ჰამასის" ტყვეობაში 97 სამხედროა
12/10/2023 11:35:55 მსოფლიო
ისრაელის ტერიტორიაზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაიღუპა ისრაელის თავდაცვის ძალების 222 ჯარისკაცი, კიდევ 97 ბოევიკებმა გაიტაცეს,– Haaretz-ის ცნობით, ასეთი მონაცემები ისრაელის თავდაძვის ძალებმა 12 ოქტომბერს გაავრცელა. ყველა მოკლული და გატაცებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს მიეწოდა ინფორმაცია.
ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაჭრილების შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა: საავადმყოფოებში რჩება 423 ადამიანი, მათგან 111 მძიმე მდგომარეობაშია.
ბოლო მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1300-ს გადააჭარბა, – იუწყება Times of Israel. დაშავდა 3300-ზე მეტი ადამიანი, ხოლო მძევალთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 200–ია.
"ჰამასის" თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ღაზას სექტორში 1200 ადამიანი დაიღუპა და 5600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა,– ამის შესახებ Al Jazeera ადგილობრივ ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.


