ისრაელი: ჩვენი მძევლების გათავისუფლებამდე ღაზას ელექტროენერგია, წყალი და საწვავი არ მიეწოდება, ჩვენ მორალს ვერავინ წაგვიკითხავს
12/10/2023 08:09:16 მსოფლიო
ისრაელი ღაზას ელექტროენერგიას და წყალს იქამდე არ მიაწვდის, ვიდრე მძევლები სახლში არ დაბრუნდებიან, - ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს.
„ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არც ერთი ელექტრო ჩამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არც ერთი საწვავით დატვირთული მანქანა არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები სახლებში არ დაბრუნდებიან. ჰუმანიტარული დახმარება ჰუმანიზმისთვის. ჩვენ მორალს ვერავინ წაგვიკითხავს”, - წერს ისრაელ კაცი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ისრაელის არმია მეექვსე დღეა, უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაღუპულია 1 200 პირი, დაჭრილია 5 620 ადამიანი.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 11 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2700–ზე მეტი ადამიანი.


