Accentnews.ge
Reuters: ეგვიპტე განიხილავს ღაზას დახმარებას, მაგრამ უარს ამბობს უსაფრთხო დერეფნის შექმნაზე

Reuters: ეგვიპტე განიხილავს ღაზას დახმარებას, მაგრამ უარს ამბობს უსაფრთხო დერეფნის შექმნაზე

12/10/2023 07:44:49 მსოფლიო

ეგვიპტემ აშშ–სა და სხვა ქვეყნებთან განიხილა ჰუმანიტარული დახმარების საკითხები ღაზას სექტორის მაცხოვრებელთათვის, მაგრამ უარს ამბობს ნებისმიერ ნაბიჯზე ანკლავის დატოვების მსურველი ლტოლვილებისთვის უსაფრთხო დერეფნების შესაქმნელად,– ამის შესახებ Reuters ეგვიპტის უსაფრთხოების ორგანოებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ეგვიპტე დიდი ხანია, ზღუდავს ღაზადან ნაკადს თავის ტერიტორიაზე. კაირო, რომელიც ხშირად შუამავლობდა დავების რეგულირების საკითხში, მოითხოვს, რომ ორივე მხარე დარჩეს თავის საზღვრებში. ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, ეს არის ერთადერთი გზა პალესტინელებისთვის სახელმწიფოებრიობის უფლების დასაცავად.

ამავდროულად, Axios წერს, რომ ეგვიპტის ხელისუფლება მზადაა, გაუხსნას დერეფანი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ამ დროისთვის ღაზას სექტორში რჩებიან.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა წინა დღით ეგვიპტისა და ისრაელის ხელისუფლებებთან მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. კონსულტაციების გაგრძელება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა დაადასტურა. ის რეგიონში ვიზიტს გეგმავს.

მედია წერს, ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფა ვითარდება: საავადმყოფოები გადატვირთულია, გამორთულია ერთადერთი ელექტროსადგური. ელექტროენერგიის უქონლობის გამო ადგილობრივ მოსახლეობა წყლის დეფიციტსაც განიცდის. პარალელურად ისრაელი ბომბავს "ჰამასის" ობიექტებს ამ სექტორში.

გაეროს მონაცემებით, ღაზას სექტორში, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დევნილთა რაოდენობა 11 ოქტომბრის საღამოს 75 ათასით გაიზარდა და 338 934 ადამიანს მიაღწია.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 1200-ზე მეტი პალესტინელი და დაშავდა 5769 ადამიანი.

ისრაელის ცნობით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად 1300 ადამიანი დაიღუპა და 3300 დაშავდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S