
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ისრაელს დრონებს გადავცემთ, ასევე განვიხილავთ ქვეყნის თხოვნას საბრძოლო მასალისა და გემების მიწოდების შესახებ
12/10/2023 06:42:23 მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ბერლინი Heron–ის ტიპის ორ უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს. ამის შესახებ მან ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ მივცემთ ორ უპილოტო თვითმფრინავს, რომლებიც ისრაელმა გვთხოვა. გარდა ამისა, არის მოთხოვნები საბრძოლო მასალისა და გემების შესახებ, ამ საკითხს ახლა განვიხილავთ“, - განაცხადა პისტორიუსმა და დასძინა:
„ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ“.
ისრაელის არმია მეექვსე დღეა, უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.
ცნობისთვის: ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ.
პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაღუპულია 1 200 პირი, დაჭრილია 5 620 ადამიანი.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 11 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2700–ზე მეტი ადამიანი.