Accentnews.ge
გაერო: ღაზაში საცხოვრებელი ადგილის დატოვება 330 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია

გაერო: ღაზაში საცხოვრებელი ადგილის დატოვება 330 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია

12/10/2023 06:02:46 მსოფლიო

ღაზაში 330 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ავრცელებს.

გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი ასევე გამოხატავს შეშფოთებას ღაზაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო.

„გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა და 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტოს სკოლებს აფარებს თავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზაში 600 000 ადამიანს წყალზე წვდომა არ აქვს და რომ საავადმყოფოების ნაწილი ჭაბურღილების წყლის იმედად არის დარჩენილი.

ისრაელის არმია მეექვსე დღეა, უტევს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დილით გავრცელებული ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი დარტყმებია „ჰამასის“ ობიექტებზე, მათ შორის გვირაბების ქსელზე, რომელსაც ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებენ.

11 ოქტომბერს, დღის ბოლოს პალესტინური მხარე აცხადებდა, რომ საერთო ჯამში, დაღუპულია 1100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის არმიის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმას ემსხვერპლა, სულ მცირე, 1200 პირი.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.

სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S