
სტოლტენბერგი: თუ დადგინდება, რომ წყალქვეშა გაზსადენისა და ფინეთ–ესტონეთის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება განზრახ მოხდა, NATO-ს პასუხი გადამწყვეტი იქნება
11/10/2023 19:29:29 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "თუ დადგინდება, რომ წყალქვეშა გაზსადენისა და ფინეთ– ესტონეთის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება განზრახ მოხდა, ალიანსის პასუხი გადამწყვეტი იქნება".
"ჯერ ნაადრევია იმის დადგენა, თუ რამ გამოიწვია გაზსადენისა და საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება. თუმცა თუ დამტკიცდება, რომ ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა მოკავშირეების კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე, ეს ძალიან სერიოზული ინციდენტი იქნება და ამას ალიანსის ერთიანი და მტკიცე პასუხი მოჰყვება. ჯერ უნდა დადგინდეს მიზეზი. ამიტომ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ უპასუხებს NATO. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გამოავლენს გამოძიება", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ესტონეთის ხელისუფლება ბალტიის ზღვის ფსკერზე მდებარე საკომუნიკაციო კაბელის დაზიანების ფაქტს იძიებს.
"გამოძიება მიმდინარეობს ჰელსინკიში ადრე აღძრული საქმის პარალელურად, რომელიც ეხება კაბელის გვერდით მდებარე გაზსადენის დაზიანებას", – განუცხადა ესტონეთის საჯარო მაუწყებლის ERR-ის ჟურნალისტებს ესტონეთის საზღვაო ფლოტის სარდალმა იური სასკამ.
მისი თქმით, ფინეთთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელი გაწყდა დაახლოებით იმ დროს, როცა გაზსადენი დაზიანდა. თუმცა ესტონეთის ეკონომიკურ ზონაში საკომუნიკაციო ხაზი დაზიანდა, ფინურში კი - გაზსადენი. სასკამ აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ინციდენტები დაკავშირებულია.
ესტონეთსა და ფინეთს შორის გაზსადენზე მომხდარი ავარიის შესახებ ფინეთის ხელისუფლებამ 10 ოქტომბერს განაცხადა. BBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ფინეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ეს შეიძლება, რუსული დივერსია იყოს.