ზელენსკი – მსოფლიო ლიდერებს: ჩადით ისრაელში
11/10/2023 16:36:41 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და მსოფლიო ლიდერებს ურჩევს, მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა ქვეყანაში ჩასვლით გამოხატონ.
"მახსენდება უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს არ იყო მარტო, ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია, თუ შეიძლება ეს სიტყვები გამოვიყენო, მსოფლიო ლიდერებისთვის არის ის, რომ ჩადით ისრაელში და მხარი დაუჭირეთ ხალხს. მე არ ვსაუბრობ რომელიმე ინსტიტუტზე, არამედ მხარი დაუჭირეთ ხალხს, რომელიც ტერორისტული თავდასხმების ქვეშაა", - განაცხადა მან.
„ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც ადრე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.
ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.


