ისრაელში სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან
11/10/2023 14:47:05 მსოფლიო
ისრაელის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სკოლები სწავლების დისტანციურ ფორმატში გადავლენ.
„ონლაინ სწავლება ძირითადად მიმართული იქნება ემოციურ და სოციალურ ასპექტებზე, რათა გააძლიეროს მოსწავლეთა მდგრადობა, ასევე - სიტუაციის შესაბამის საგანმანათლებლო შინაარსზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.


