რუსეთმა ფრენების შემცირება დაიწყო
11/10/2023 12:40:03 მსოფლიო
რუსეთში იმპორტირებულ ძრავებთან დაკავშირებით პრობლემებია. ამის გამო ფრენების შემცირება დაიწყო, მაგალითად, ერთ-ერთმა უმსხვილესმა რუსულმა ავიაკომპანიამ S7 Airlines-მა,– იუწყება რუსული "კომერსანტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა წერს, S7 Airlines შემოდგომა-ზამთრის განრიგს შარშანდელთან შედარებით 10-15%-ით შეამცირებს Airbus A320/A321neo-ს მომსახურებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო.
საერთო ჯამში, S7 Airlines ფლობს 103 თვითმფრინავს, მათგან Flightradar24-ის მონაცემებით, 21 (ფლოტის 20%) არ დაფრინავს. პრობლემურია ამერიკული Pratt & Whitney ძრავების შეკეთება, რაც ვერ ხერხდება რუსეთში და არც მოსკოვის მოკავშირე ირანში.
ახლა ავიაკომპანია "ეძებს გამოსავალს P&W ძრავების შესაკეთებლად", - აღნიშნა S7-თან დაახლოებულმა წყარომ. „იყო ტრანსპორტის სამინისტროსთან დისკუსია ნეო-ზე P&W ძრავების მომსახურების სპეციფიკის შესახებ, ჩატარდა არაერთი შეხვედრა, სადაც განიხილეს თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების გადაჭრა“, - განაცხადა მან.
შეუძლებელია ამ ძრავების შეკეთება ოფიციალური მხარდაჭერის გარეშე, – დაადასტურა გამოცემას Willis Lease Financial Company-ის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში დიმიტრი ვოსკრესენსკიმ. „ეს არის „დაჩიპული“ ძრავები, რომელთა მოძრაობა კონტროლდება“, - განმარტა მან და დასძინა, რომ ისინი დიდწილად ეყრდნობიან პროგრამულ აპარატურას და შეკეთება მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ სამ ან ოთხ ფილიალშია შესაძლებელი.
როგორც "კომერსანტს" ტრანსპორტისა და ინდუსტრიის სამინისტროს წყაროებმა განუმარტეს, საჰაერო გადამზიდავმა ეს ნაბიჯი პირველ რიგში გადადგა Airbus A320 A320/A321neo-ს სერვისთან დაკავშირებული სირთულეების გამო.
რუსული ავიახაზები დაფრინავს ძირითადად Airbus და Boeing თვითმფრინავებით, რომლებსაც ეკრძალებათ ბიზნესის წარმოება რუსეთში. ამ თვითმფრინავების 40%-ზე მეტი ეკუთვნოდა უცხოურ სალიზინგო კომპანიებს.თვითმფრინავების უმეტესობა აგრძელებს ფრენას, თუმცა ისინი ვერ სარგებლობენ კრიტიკული პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებით და ტექნიკური მომსახურებით, რაც ფრენების შესასრულებლად არის საჭირო.


