
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა
11/10/2023 12:11:31 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა, რათა სოლიდარობა გამოხატოს ისრაელელის ხალხის მიმართ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ჩავიდა ისრაელში, რათა გამოხატოს გაერთიანებული სამეფოს ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ "ჰამასის" ტერორისტული თავდასხმების შემდეგ. იგი შეხვდება თავდასხმის შემდეგ გადარჩენილ ადამიანებს და ისრაელის მაღალჩინოსნებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ბრიტანეთმა მის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და დაგმო "ჰამასის" თავდასხმები.
ისრაელში ჩასვლას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც.
ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.