
რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა
11/10/2023 09:47:36 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომელიც ტყვედ აიყვანეს ისრაელზე თავდასხმის დროს, ამასთან, გამოხატა სერიოზული შეშფოთება ისრაელის მიერ ღაზის „ტოტალური“ ბლოკადის გამო.
„მე ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ. მათ, ვისაც თავს დაესხნენ, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვთ, მაგრამ მე ასევე მაწუხებს ღაზას სრული ბლოკადა, რომელშიც პალესტინელები ცხოვრობენ“, - განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.