Accentnews.ge
ზელენსკი NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ბრიუსელში ჩავიდა

ზელენსკი NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ბრიუსელში ჩავიდა

11/10/2023 09:00:30 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. ზელენსკი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდება და NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ზელენსკიმ სტოლტენბერგთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მთავარი გზავნილი თავდაცვის მინისტრებისთვის იქნება უკრაინის პრიორიტეტები ომის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა მომავალ ზამთარს.

"ჩვენ გვჭირდება გარკვეული მხარდაჭერა ლიდერებისგან. ამიტომაც ვარ აქ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაკეტები და შორი მანძილის იარაღი", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

NATO-ს ზოგიერთ ქვეყანას აქვს დათქმები უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ზელენსკიმ გაიმეორა, რომ იარაღი აუცილებელია უკრაინის "ძალიან კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტების" დასაცავად, როგორიცაა ენერგეტიკული ქსელები ან მარცვლეულის ექსპორტის სატრანზიტო გზები.

"დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერის მობილიზება უკრაინისთვის. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ეს ეხება საჰაერო თავდაცვას. საუბარია არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე. ველი, რომ NATO-ს უფრო მეტი მოკავშირე გააკეთებს შემდგომ განცხადებებს უკრაინის მხარდასაჭერად", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ზელენსკიმ, რომელიც ასევე შეხვდება ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრე დე კროოს, განაცხადა, რომ ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ როგორ გამოიყენოს უკრაინამ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით. ბელგია, სხვადასხვა მონაცემებით, ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი ევროს აქტივების თითქმის ორ მესამედს.

ზელენსკიმ თქვა, რომ ჯერ არ არის დასრულებული დეტალები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ, თუმცა კომუნიკაცია გრძელდება და უკრაინა მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S