უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „მოღალატეების გამოაშკარავების" შესახებ განაცხადა
11/10/2023 09:04:11 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა „მოღალატეების გამოაშკარავების" შესახებ განაცხადა. საუბარია 5 ოქტომბერს ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში რუსული სარაკეტო თავდასხმის კორექტირებაზე.
სპეცსამსახურის ცნობით, ბოროტმოქმედები არიან ადგილობრივები – 30 წლის ვლადიმირ მამონი და მისი უმცროსი ძმა – 23 წლის დიმიტრი, რომლებიც ხარკოვის ოლქის ოკუპაციის დროს რუსეთის მხარეს გადავიდნენ, ხოლო რეგიონის განთავისუფლების შემდეგ გადავიდნენ რუსეთის ფედერაციაში, სადაც განაგრძეს მუშაობა რუსი სამხედროებისთვის.
რუსი სამხედროების მითითებით, მათ „დისტანციურად შექმნეს ინფორმატორების საკუთარი ქსელი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახური. ოქტომბრის დასაწყისში მათ დაიწყეს ინფორმაციის შეგროვება დაღუპული უკრაინელი სამხედროების სოფელ გროზაში დაგეგმილი ხელახალი დაკრძალვის შესახებ. „ამავდროულად, მათ ესმოდათ, რომ მტრის თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები აუცილებლად დაიღუპებოდნენ - მათი ნაცნობები სოფელ გროზადან, მათ შორის ისინი, რომლებიც მათ ინფორმაციას აწვდიდნენ“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. ვლადიმერ მამონმა რუს სამხედროებს დაკრძალვის ზუსტი მისამართი და დრო გადასცა, – აცხადებენ სპეცსამსახურში.
ორივე ბრალდებულს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი. ვლადიმირ მამონს დამატებით ბრალი ედება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევაში.
ბოლო მონაცემებით, სოფელ გროზაში მდებარე კაფეზე „ისკანდერ M“-ზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 55-მდე გაიზარდა. დაბომბვის დროს იქ ომის დასაწყისში პოპასნაესთან დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ანდრეი კოზირის პანაშვიდი იმართებოდა.


