ბორელი: ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს
11/10/2023 08:21:36 მსოფლიო
ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის პოზიციაა, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის სრული უფლება, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.
"ვგმობთ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს და მოვითხოვთ მძევლების გათავისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა შეუწყვიტონ წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება", – განაცხადა ბორელმა.
მისი ინფორმაციით, "ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან დახმარების შეწყვეტა იქნება დიდი შეცდომა და საჩუქარი ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული „ჰამასისთვის".
როგორც ბორელმა აღნიშნა, "ყველა პალესტინელი არ არის ტერორისტი და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო კოლექტიური დასჯა უსამართლო და კონტრპროდუქტიული იქნება".
ცნობისთვის: 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
სხვადასხვა მონაცემით, „ჰამასს“ მძევლად 100-დან 150-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
11 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1200–ს გადააჭარბა. დაჭრილია 2000–ზე მეტი ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 900 და დაჭრილია 5000–მდე ადამიანი.


