"აშშ-მა რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება გააძლიერა" – ბაიდენმა ისრაელის მხარდამჭერ ზომებზე ისაუბრა
10/10/2023 19:22:57 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმას "აბსოლუტური ბოროტების აქტი" უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელში მცხოვრები ხალხი “დაუოკებელი ბოროტების” მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით განხორციელდა".
“ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი, ისე ჩამოატარეს! ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ”, - აღწერა ბოევიკების მიერ ისრაელში განხორციელებული ძალადობის აქტი ბაიდენმა.
მისი ინფორმაციით, ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ამერიკის 14 ამერიკის მოქალაქეა. ამასთან, რამდენიმე ამერიკელი „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება.
ბაიდენის თქმით, მან თავის გუნდს განკარგულება მისცა ისრაელთან სადაზვერვო ინფორმაცია გააზიარონ და აშშ-დან ისრაელში დამატებითი ექსპერტები გაგზავნონ ტყვეთა გათავისუფლების პროცესში კონსულტაციებისთვის.
“როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენ გადაუდებელი ზომები მიღებას ვთხოვთ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად… ეს პარტიას ან პოლიტიკას არ ეხება. საუბარია მსოფლიო უსაფრთხოებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე!”, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეკავების უზრუნველსაყოფად აშშ-მა “რეგიონში სამხედრო ძალის პოზიციონირება” გააძლიერა:
“თავდაცვის დეპარტამენტმა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა და ჩვენი საბრძოლო ავიაციის წარმომადგენლობა გააძლიერა…. და მზად ვართ დამატებითი საშუალებები გავაგზავნოთ, თუ საჭირო გახდება”.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე მტრულად განწყობილი მხარეები გააფრთხილა, რომ ისრაელში შექმნილი ვითარებით არ ისარგებლონ:
“ჩვენი გულები შესაძლოა, გატეხილია, მაგრამ ჩვენი გამბედაობა ნათელია. გუშინ ასევე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რათა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ბოლო მოვლენები განგვეხილა და ჩვენი ერთობლივი პასუხის კოორდინაცია მოგვეხდინა”.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
“ვიცე-პრეზიდენტი [კამალა ჰარისი] და მე ჩვენს გუნდებთან ერთად შევიკრიბეთ, რათა ისრაელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შესახებ ვითარებაზე ახალი ინფორმაცია მივიღოთ და შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ.
დავუკავშირდით პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, რათა განგვეხილა კოორდინაცია ისრაელის მხარდასაჭერად, მტრული აქტორების შესაკავებლად და უდანაშაულო ხალხის დასაცავად”, - დაწერა ბაიდენმა.
როგორც დაანონსდა, ისრაელში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჩავა.


