HIMARS-ის ჭურვები და არა მხოლოდ – მედიის ცნობით, აშშ უკრაინას ახალ პაკეტს გამოუყოფს
10/10/2023 18:28:42 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ხვალ, 11 ოქტომბერს გამოაცხადებს. მასში შედის HIMARS-ის ჭურვები და საჰაერო თავდაცვის იარაღი,– იუწყება "ამერიკის ხმა".
„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 200 მილიონ დოლარამდე ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს პაკეტის ფარგლებში, რომელიც სავარაუდოდ, ოთხშაბათს გამოცხადდება“, – ნათქვამია მასალაში.
გამოცემა განმარტავს, რომ პენტაგონი აგრძელებს უკრაინის დახმარების გაფართოებას, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა გამორიცხა ახალი დახმარება.
პაკეტში შედის იარაღი:
AIM-9 Sidewinder–ის რაკეტები საჰაერო თავდაცვისთვის; მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) საარტილერიო საბრძოლო მასალა ; TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები; ასევე 155 მმ და 105 მმ ჭურვები.
გარდა ამისა, მასში შედის ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალა, საბრძოლო მასალა რუსული დაბრკოლებების დასაძლევად, დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობა და ელექტრონული ომის აღჭურვილობა.


