ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა
10/10/2023 13:32:12 მსოფლიო
ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 1008 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ აშშ–ში ისრაელის საელჩო იუწყება.
მათივე განცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა 3 418 -ს აღწევს.
როგორც მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, თავდასხმის დროს 123 სამხედრო დაიღუპა. ისრაელიდან ღაზის სექტორში გატაცებულია ათობით ადამიანი.
დაუდასტურებელი ცნობებით, ისრაელი ღაზას სექტორში, რომელიც ამ დროისთვის ბლოკირებული აქვს, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყების გარდა, ისრაელს სხვა გზა არ აქვს,– იუწყება Axios.გამოცემა აშშ-სა და ისრაელში სამ წყაროს ეყრდნობა.
"ჩვენ უნდა შევიდეთ. ჩვენ ახლა მოლაპარაკება არ შეგვიძლია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ შეკავება" - ციტირებს გამოცემა ნეთანიაჰუს.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი შეშფოთებულია ჰეზბოლას მიერ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენს არ უცდია ნეთანიაჰუზე ზემოქმედება აზრის შეცვლის მიზნით.
ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "ჰამასის" ობიექტებს გაანადგურებს, თუმცა ჯერ ღიად არ განუცხადებიათ სახმელეთო ოპერაციის თაობაზე გამაგრებულ ღაზას სექტორში, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს.სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში დიდ მსხვერპლს პროგნოზირებენ ორივე მხრიდან.
7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.


