"ჰამასი": საომარი მოქმედებების დასრულებამდე მძევლებზე მოლაპარაკებები არ იქნება
10/10/2023 12:00:23 მსოფლიო
პალესტინელების რადიკალური დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ დაჯგუფება არ გამართავს მოლაპარაკებას ისრაელთან მძევლების შესახებ, საომარი მოქმედებების დასრულებამდე.
„ჩვენ ვაცნობეთ ყველა მხარეს, ვინც მოგვმართა მტრის ტყვეებთან დაკავშირებით, რომლებიც წინააღმდეგობის ზონაში დააკავეს, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყება საომარი მოქმედებების დასრულებამდე“, - თქვა მან.
ისრაელის მონაცემებით, "ჰამასის" ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანი რჩება, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
ისრაელის არმიამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ სრულად უზრუნველყოფს ღაზას სექტორთან საზღვრის უსაფრთხოებას. ეს საზღვარი 7 ოქტომბერს რამდენიმე ადგილას გაარღვიეს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ჯგუფებმა და ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე და ღაზის სექტორის ზოგიერთ რაიონში ნაპოვნია 1 500-მდე თავდამსხმელის ცხედარი.
ისრაელის ავიაცია ღაზას სექტორზე დარტყმებს გასული ღამის განმავლობაშიც განაგრძობდა. სარდლობის მონაცემებით, განადგურებულია „ჰამასის“ 200-მდე ობიექტი. ისრაელის არმიის წარმომადგენლის რიჩარდ ჰეხტის განცხადებით, ღაზას სექტორის საზღვართან, სადაც 35 ბატალიონი განთავსდება, იქმნება მომავალი ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სავარაუდოა, რომ ისრაელი ღაზას სექტორზე ფართომასშტაბიან სახმელეთო შეტევას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საავიაციო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია.
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას ურჩია, საბრძოლო მოქმედებების ზონა ეგვიპტის საზღვართან მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტით დაეტოვებინა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს პუნქტი დაკეტილია. მეორე მხრიდან ღაზას სექტორი ესაზღვრება ისრაელს, რომელმაც 9 სექტემბრიდან ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.9 ოქტომბრის ღამის მონაცემებით, ისრაელში მოკლულია 900-ზე მეტი ადამიანი - როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები. დაიჭრა სულ მცირე 2 616 ადამიანი. ღაზას სექტორში მოკლულია სულ მცირე 687 და დაჭრილია 3 800.


