Accentnews.ge
ერდოღანს პალესტინასა და ისრაელს შორის შუამავლობა სურს

ერდოღანს პალესტინასა და ისრაელს შორის შუამავლობა სურს

10/10/2023 10:00:43 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, ისრაელსა და პალესტინას შორის "შუამავლის როლი შეასრულოს".

"გვსურს, ისრაელის ადმინისტრაციამ შეწყვიტოს პალესტინის მიწის დაბომბვა, დაწყებული ღაზიდან და პალესტინელებმა კი შეწყვიტონ ისრაელში სამოქალაქო დასახლებების შევიწროება, ღაზის მიწასთან გასწორება ჰაერიდან და ხმელეთიდან არაპროპორციული იერიშებით.

მეჩეთების დაბომბვა და უდანაშაულო ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა არ შეიძლება იყოს მიღებული. თურქეთი მზადაა, შეასრულოს შუამავლის როლი ყველა სფეროში, მათ შორის პატიმრების გაცვლაზე, თუ მხარეები გვთხოვენ", - ამბობს ერდოღანი.

ისრაელის არმიამ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ სრულად უზრუნველყოფს ღაზას სექტორთან საზღვრის უსაფრთხოებას. ეს საზღვარი 7 ოქტომბერს რამდენიმე ადგილას გაარღვიეს რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ შეიარაღებულმა ჯგუფებმა და ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე და ღაზის სექტორის ზოგიერთ რაიონში ნაპოვნია 1 500-მდე თავდამსხმელის ცხედარი.

ისრაელის ავიაცია ღაზას სექტორზე დარტყმებს გასული ღამის განმავლობაშიც განაგრძობდა. სარდლობის მონაცემებით, განადგურებულია „ჰამასის“ 200-მდე ობიექტი. ისრაელის არმიის წარმომადგენლის რიჩარდ ჰეხტის განცხადებით, ღაზას სექტორის საზღვართან, სადაც 35 ბატალიონი განთავსდება, იქმნება მომავალი ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სავარაუდოა, რომ ისრაელი ღაზას სექტორზე ფართომასშტაბიან სახმელეთო შეტევას გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საავიაციო დარტყმები მხოლოდ დასაწყისია.

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას ურჩია, საბრძოლო მოქმედებების ზონა ეგვიპტის საზღვართან მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტით დაეტოვებინა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს პუნქტი დაკეტილია. მეორე მხრიდან ღაზას სექტორი ესაზღვრება ისრაელს, რომელმაც 9 სექტემბრიდან ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.9 ოქტომბრის ღამის მონაცემებით, ისრაელში მოკლულია 900-ზე მეტი ადამიანი - როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები. დაიჭრა სულ მცირე 2 616 ადამიანი. ღაზას სექტორში მოკლულია სულ მცირე 687 და დაჭრილია 3 800.„ჰამასს“ მძევლად ჰყავს რამდენიმე ათეული ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S