
Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს უპასუხა: ჩვენ არ ვართ Air France
10/10/2023 07:47:18 საზოგადოება
Georgian Airways-სა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება.
Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს „არაკომპეტენტური“ უწოდა და ზურაბიშვილს ისრაელიდან საქართველოში ფრენების ბიუჯეტიდან დაფინანსება ურჩია.
"ქალბატონ პრეზიდენტს Georgian Airways ნუ ჰგონია Air France, რომელსაც ჰყავს 600 თვითმფრინავი. Georgian Airways-ი არის 3 თვითმფრინავიანი კომპანია და წლების მანძილზე სულს ღაფავს და არასდროს არ უფიქრია ქალბატონ პრეზიდენტს მის დახმარებაზე. Air France-მ პანდემიის დროს სახელმწიფოსგან 10 მლრდ-ს დახმარება მიიღო. Georgian Airways-ს კი არცერთი ცენტი არ მიუღია. მას Georgian Airways-ი Air France ჰგონია. 600 თვითმფრინავიან კომპანიას ნუ ადარებს 3 თვითმფრინავიან კომპანიას. ცოტა ჯობია, რომ თავს ძალა დაატანოს და უკეთესად იაზროვნოს“,- აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა Business Insider Georgia–სთან.
მოგვიანებით კომპანიის პრესსამსახურმა ისრაელიდან საქართველოში ავიარეისების ბილეთების ფასებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანია სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად, ფასებს ვერ გაზრდის.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "უცხოური კომპანიებიდან დაქირავებული, მოსყიდული ეკონომიკური ლობისტები საქართველოში ქართული კომპანიების გაშავებით არიან დაკავებული".
პრესცენტრი ამტკიცებს, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
"ისრაელის მიმართულებაზე ამ ქვეყნის სამი ავიაკომპანია („ელ ალი“, „არკია“, „ისრაირი“) დაფრინავს კვირაში 35 რეისით. „ჯორჯიან ეარვეისი“ კი მიმართულებაზე წარმოდგენილია კვირაში მხოლოდ 10 რეისით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონიუნქტურის გათვალისწინებით, ბილეთის ფასებს ისრაელის ავიაკომპანიები განსაზღვრავენ. ამიტომ „ჯორჯიან ეარვეისი “, სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად, ფასებს ვერ გაზრდის.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს ჯაშუშომანია. როგორც ვხედავთ, უცხოური კომპანიებიდან დაქირავებული, მოსყიდული ეკონომიკური ლობისტები საქართველოში ქართული კომპანიების გაშავებით არიან დაკავებული. ეს არის ნამდვილი ეკონომიკური შპიონაჟი; ეს არის საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხისა და საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ნამდვილი ბრძოლა; ეს არის ღალატი. ამ საქმეში ჩართული ადამიანებისთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, ყველაფერი ქართული მათთვის ცუდი და მიუღებელია. მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - საკუთარი ჯიბის გასქელება. როგორ ავხსნათ მათი საქციელი, როდესაც გააკეთეს ბიზნესკლასის ბილეთის სქრინი და მიაწერეს: -შეხედეთ, „ჯორჯიან ეარვეისი“ ბილეთებს რა უზარმაზარ ფასს ადებსო. ზოგადად, მსოფლიო პრაქტიკაა, რომ გაფრენის წინა დღეებში ან უშუალოდ გაფრენის დღეს, ბილეთები ორჯერ და სამჯერ ძვირია, რაც დაახლოებით ათასამდე ლარს შეადგენდა. ერთი კვირით ადრე შეძენილი ბილეთების ფასი კი დაახლოებით 500 ლარის ფარგლებში იყო. ერთხელ კიდევ გავიმეორებთ: ბილეთის ფასები დამოკიდებულია ისრაელის ავიაკომპანიებზე.
ერთი სიტყვით, ამ მოსყიდული ლობისტების მოსაწონი არც ქართული კომპანიებია და არც ხელისუფლება. ჩვენ ეს არ გვიკვირს. ქვეყანაში, სადაც სულ სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ექვსი ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაფუძნებული (რითაც, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში), რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რასაკვირველია, ეს ჩვენთვის მძიმე ტვირთია, რადგან მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ მუშაობს. გასაკვირია, რომ ჩვენი მთავრობა ამ პირობებში ახერხებს მშვიდობის შენარჩუნებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას", - წერია განცხადებაში.