ისრაელი ღაზას სექტორის მოსახლეობას ეგვიპტეში გადასვლისკენ მოუწოდებს, "ჰამასი" მძევლების დახოცვით იმუქრება
10/10/2023 06:28:18 მსოფლიო
ისრაელის სამხედროები პალესტინელებს ღაზას დატოვებას და ეგვიპტეში გადასვლას ურჩევს, ვიდრე ეს შესაძლებელია,– წერს BBC.
„მე ვიცი, რომ რაფაჰის გადასასვლელი ჯერ კიდევ ღიაა. ვისაც შეუძლია გასვლა, ვურჩევდი, გავიდნენ, – განაცხადა ისრაელის სამხედრო ძალების ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა რიჩარდ ჰეხტმა ბრიფინგზე.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნა.
”გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა“, - აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში.
მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმალება.
პარალელურად რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელიდან მძევლად აყვანილი ადამიანების დახოცვით იმუქრება, თუ ისრაელის არმია ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას წინასწარ გაფრთხილების გარეშე დაბომბავს. მძევლები, რომელთა შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც არიან, „ჰამასის“ ხელში აღმოჩნდნენ 7 ოქტომბრიდან, ისრაელზე ამ ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმის შედეგად.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთის წარმომადგენელმა აბუ ობაიდამ ტელეგრამით გაავრცელა განცხადება, რომ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ მყოფ პალესტინელებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნებისმიერი თავდასხმის პასუხად მძევლებს დახოცავენ და ამას ტელევიზიით აჩვენებენ. „ჰამასი“ ირწმუნება, რომ მძევლად ჰყავს 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ისრაელის არმიის ოფიცრები. 9 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისიც განაცხადა, რომ სანამ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მძევლების საკითხზე მოლაპარაკებას არ აპირებს.
გაერო-ში ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ამჟამად ღაზაში 150-მდე მძევალია: "გვსურს ყველა მათგანის უსაფრთხოდ დაბრუნება, მაგრამ ახლა ფოკუსირებული ვართ „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობაზე".
გამოცემა Times of Israel-მა რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით 9 ოქტომბერს დაწერა, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე დარტყმების ტაქტიკა შეცვალა და მშვიდობიან მოსახლეობას წინასწარ აღარ გააფრთხილებს შეტყობინებების გაგზავნით ან ბომბის მულაჟის ჩამოგდებით. ამასთან, გამოცემის წყაროთა თანახმად, ღაზის სამოქალაქო მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ უნდა დატოვოს „ტერორისტების მიერ დაკავებული ცენტრალური რაიონები“.
9 ოქტომბერს მედიით ვრცელდებოდა ცნობები, რომ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკების დაწყებას და შუამავლობას კატარი ცდილობდა. ისრაელმა „ჰამასთან“ მოლაპარაკების შესაძლებლობა უარყო.


