კადიროვმა მხარი დაუჭირა პალესტინის ქმედებებს ისრაელთან კონფლიქტში
10/10/2023 05:59:30 მსოფლიო
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი გამოვიდა პალესტინის მხარდასაჭერად, მოუწოდა რეგიონში ომის შეჩერებისკენ და საბრძოლო მოქმედებების ზონაში ჩეჩნეთიდან „სამშვიდობოების“ გაგზავნა შესთავაზა. ჩეჩნეთის ხელმძღვანელს არ უხსენებია რადიკალური პალესტინის დაჯგუფება "ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე და ასობით მოკლული მშვიდობიანი მოქალაქე.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პალესტინის ქმედებებს“, - განაცხადა კადიროვმა თავის ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მისი მტკიცებით, "დასავლეთი და ევროპა" თითქოს "თავიანთ ძალებს რთავენ პალესტინის გასანადგურებლად". კადიროვმა შესთავაზა მუსულმანურ ქვეყნებს, „ჩაერიონ, შექმნან კოალიცია და მოუწოდონ ევროპელ მეგობრებს, დასავლეთს, არ დაბომბონ ქალაქები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს“.
”მე წინააღმდეგი ვარ ამ ომის და მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტოს ეს ომი, რათა ომი არ გავრცელდეს მთელ მსოფლიოში,” - თქვა კადიროვმა, ”ან გაგვგზავნეთ იქ, როგორც სამშვიდობოები და ჩვენ განვსაზღვრავთ, ვინ არის მართალი და ვინ არა და შევაჩერებთ მათ, ვინც აგრძელებს ბრძოლას."
შაბათს დილით, რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს (ის აღიარებულია ტერორისტულად აშშ-სა და ევროკავშირში), მოულოდნელად განხორციელდა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელის ტერიტორიაზე. მასიური სარაკეტო დარტყმას თან ახლდა შეიარაღებული პირების შეჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა და მძევლების აყვანა. ამგვარად, სამხრეთ ისრაელში, კიბუც ბერში, 100-ზე მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა მუსიკალური ფესტივალის სულ მცირე 260 სტუმარი, რომელიც გაიმართა ნეგევის უდაბნოში, კიბუც რეიმთან, ღაზას სექტორის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ახორციელებენ სამიზნეებზე დარტყმებს. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ისრაელში დაღუპულთა რიცხვი ამჟამად 900-ზე მეტ ადამიანს ითვლის, ხოლო 100-ზე მეტი ადამიანი მძევლად არის აყვანილი. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რეგიონში 560 ადამიანი დაიღუპა.
9 ოქტომბერს "ჰამასის" რაკეტა მოხვდა ახმატ კადიროვის მეჩეთს ისრაელის სოფელ აბუ გოშში, იერუსალიმის მახლობლად, განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მეჩეთი 2014 წელს აშენდა და გახსნა რამზან კადიროვმა.


