ევროკომისია: ისრაელში შექმნილი ვითარება უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას არ შეამცირებს
09/10/2023 14:25:11 მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა უკრაინის დახმარებაზე არ აისახება. როგორც ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა, არ არსებობს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის გამწვავება ევროკავშირის მხრიდან უკრაინის დახმარებაზე აისახება.
"არაფერი არანაირად არ იმოქმედებს მხარდაჭერაზე, რომელსაც ევროკავშირი უკრაინას უწევს. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, სანამ ამის საჭიროება იქნება", - ამბობს ევროკომისიის წარმომადგენელი.
7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდან შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ისრაელის არმია ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.
პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2271 პირი.


