ევროკავშირის საგარეო მინისტრები ისრაელის საკითხზე ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ
09/10/2023 13:38:57 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს შეხვედრას გამართავენ და ისრაელში არსებული სიტუაციას განიხილავენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.
„ხვალ მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად“, - აცხადებს ბორელი.
7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდან შეიჭრა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ისრაელის არმია ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო შეტევას განაგრძობს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორ დღეში, ისრაელში 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.
პალესტინის ადმინისტრაციის მიერ დღეს, 9 ოქტომბერს, დილით განახლებული მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაიღუპა 436 ადამიანი, მათ შორის 80-ზე მეტი ბავშვი. დაჭრილია 2271 პირი.


