"ომით დაღლილობა არ იქნება": დანიას უკრაინისთვის F-16–ების კოალიციის გაფართოება სურს
09/10/2023 10:45:48 მსოფლიო
დანია მუშაობს იმ ქვეყნების კოალიციის „გაფართოვებაზე და გაღრმავებაზე“, რომლებმაც უკრაინისთვის F-16–ების გამანადგურებლების მიწოდების პირობა დადეს,– ამის შესახებ, Reuters–ის ცნობით, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.
„ვიდრე უკრაინელები მზად არიან, ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოლონ, მოდით, გადავწყვიტოთ, რომ ჩვენს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ომით დაღლილობა არ იქნება“, - თქვა მან კოპენჰაგენში ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე.
დანიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-მ და ევროკავშირმა უკეთესი კოორდინაცია უნდა გაუწიონ იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას კავშირისა და სამხედრო ალიანსის ფარგლებში.
"ნატო არის ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ევროპაში. ეს იწყება და მთავრდება ნატო–თი, მაგრამ ევროპის შიგნით და ევროკავშირში ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ", - თქვა მან.
ნიდერლანდები და დანია ხელმძღვანელობდნენ უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე მომზადების ძალისხმევას, რათა შემდეგ უკრაინაში გაგზავნონ მებრძოლები. აგვისტოს ბოლოს, ნორვეგიამ ასევე პირობა დადო, რომ უკრაინას მიაწვდის F-16-ებს, ხოლო 11 სხვა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა ფრონავების მომზადებაში დახმარების მზაობა გამოხატა. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქვეყანამ შესაძლოა, პირველი დასავლური გამანადგურებლები ზამთარში მიიღოს.


