
ბაიდენი – ნეთანიაჰუს: დამატებითი დახმარება უკვე გზაშია და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი იქნება
08/10/2023 17:52:15 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
"პრეზიდენტმა ბაიდენმა შეატყობინა პრემიერ–მინისტრს ბოლო 24 საათის განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ ისრაელის მხარდასაჭერად განხორციელებული ინტენსიური დიპლომატიური ჩართულობის შესახებ", – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისი ცნობით, ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ "დამატებითი დახმარება უკვე გზაშია და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი იქნება".
როგორც თეთრი სახლი იტყობინება, ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, დაჭრილთა და დაღუპულთა მიმართ.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“. ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა, დაშავებულია 2 048 პირი.
7 ოქტომბერს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც 8 ოქტომბერს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 370 პალესტინელი, დაშავებულია 2 200 პირი, მათ შორის 121 ბავშვია".