მედია: ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან
08/10/2023 08:26:21 მსოფლიო
ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
მედიის ცნობით, პარალელურად, გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის ძალებმა „Ჰამასის“ მებრძოლების მიერ დაკავებული ტერიტორიების უმეტესობა გაწმინდეს და 22 დასახლებაში საცხოვრებელი სახლები შეამოწმეს. გავრცელებული ცნობით, დარჩენილია რვა დასახლება, სადაც ამ დრომდე კონტროლს „Ჰამასი“ ინარჩუნებს.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“. ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 864–ზე მეტი პირი. როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, 8 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 1 864 დაშავებული ადამიანიდან, 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 326–ის სტაბილურად მძიმე.
7 ოქტომბერს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც 8 ოქტომბერს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 256 პალესტინელი, დაშავებულია 1 788 პირი, მათ შორის 121 ბავშვია".


