
"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ისრაელში, ქართველებთან დაკავშირებით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან"
08/10/2023 06:18:54 საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება სოციალურ ქსელებში საქართველოს მოქალაქეების შესახებ გავრცელებულ არაერთ ინფორმაციას. უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ინფორმაციების გადამოწმება და მოქალაქეებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას.
აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.
რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“. ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 864–ზე მეტი პირი. როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, 8 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 1 864 დაშავებული ადამიანიდან, 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 326–ის სტაბილურად მძიმე.
7 ოქტომბერს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც 8 ოქტომბერს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 232 პალესტინელი და დაშავებულია 1 697 პირი".