ისრაელის თავდაცვის ძალები: ან წუთებში ლიბანის ტერიტორიას ვბომბავთ
08/10/2023 05:31:52 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ამ წუთებში ლიბანის ტერიტორიას ბომბავენ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული "ლიბანიდან ისრაელში სროლების საპასუხოდ ხდება".
როგორც IDF იტყობინება, "ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მსგავს მოქმედებას ყველა რეგიონში და ნებისმიერ დროს გააგრძელებს".
IDF არ აკონკრეტებს რა გაისროლეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით.
ცნობისთვის: ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო შეტევა პალესტინის მხრიდან 7 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან დაიწყო. "ჰამასი", რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე, ამბობს, რომ ისრაელის მიმართულებით 5000 რაკეტა ისროლა. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი „შურს იძიებს ამ შავი დღისთვის“. ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 864–ზე მეტი პირი. როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, 8 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 1 864 დაშავებული ადამიანიდან, 9 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 326–ის სტაბილურად მძიმე.
7 ოქტომბერს ისრაელმა პალესტინაზე საპასუხო დარტყმები განახორციელა. როგორც 8 ოქტომბერს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, "დაღუპულია, სულ მცირე, 256 პალესტინელი, დაშავებულია 1 788 პირი, მათ შორის 121 ბავშვია".


